დაბადება თავი 23
-
1
იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ.
-
2
და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად.
-
3
და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან:
-
4
მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.
-
5
მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.
-
6
რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.
-
7
აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.
-
8
და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა.
-
9
და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა.
-
10
ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად.
-
11
და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი.
-
12
თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა.
-
13
და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ.
-
14
და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:
-
15
არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი.
-
16
და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.
-
17
და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო.
-
18
ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.
-
19
და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.
-
20
და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.